ახალი ამბები
აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ - ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრა ჩაიშალა
გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოსახლეობასთან შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა. ვითარება შეკრებაზე აფხაზი ოპოზიციონერების მისვლის გამო დაიძაბა. ღონისძიების დაწყებამდე ისინი დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ტელეგრამის არხის RESPUBLICA-ს ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ასლან ბჟანია მოქალაქეთა შეკითხვებს აფხაზურ ენაზე პასუხობდა. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ ე.წ. პრეზიდენტს წლის დასაწყისში ხელმოწერილი განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ გადაცემას შეეხებოდა. ბჟანიამ მას მიმართა შემდეგი სიტყვებით: „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასლან ბჟანიამ შეხვედრა დატოვა, მას დამსწრეთა ნაწილიც მიჰყვა.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.

აფხაზური საზოგადოების ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.

ამავე თემაზე:

რუსეთი აგარაკის გარეშე გაძლებს, ჩვენ თუ გავძლებთ მათი მხარდაჭერის გარეშე - ასლან ბჟანია ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე
Print