ახალი ამბები
სამეგრელო ზემო-სვანეთში ამ ეტაპისთვის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 15174.75 ჰექტარზეა ჩატარებული - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უამინდობის პირობებში ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მუდმივად ხორციელდება. ამავე ცნობით, ფართობები თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

სააგენტოს მონაცემებით, დღეისათვის დასავლეთ საქართველოში მცირემოცულობიანი და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 33 210.50 ჰექტარი ფართობი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთში - 15174.75 ჰექტარი. 

"დასავლეთ საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში არსებული უამინდობის მიუხედავად, როცა ფართობებში სპეციალიზებული ტექნიკის შესვლა და მუშაობა შესაძლებელია, სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. ​ფაროსანასთან ბრძოლისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების (სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ბუგრები) საწინააღმდეგოდ.

სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარტებით და დადგენილი სქემით, აგროღონისძიებები შეუფერხებლად განახორციელონ, რათა გასულ წლებში მიღებული თხილისა და სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალი შეინარჩუნონ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


Print