ახალი ამბები
სიმინდი ცოტა ადრე რომ შეეწამლათ, გადარჩებოდა - ანა წითლიძე ზუგდიდელ ფერმერებს შეხვდა
პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე დღეს ზუგდიდის სოფელ კახათში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების თქმით, სოფლებში მატლის შემოსევის გამო მოსავალი ფუჭდება. მათივე ინფორმაციით, მავნებელი განსაკუთრებულ ზიანს სიმინდის ყანებს აყენებს. 

"ყოველ წელს უჩნდება სიმინდის ღეროს მატლი, შემდეგ გადადის ტაროზე და აფუჭებს. ვითხოვთ შეგვიწამლონ. დიდი ნაწილი გაფუჭებულია. ვისაც სიმინდის ყანა აქვს, ყველას აქვს ეს პრობლემა. რამდენ რამეს უნდა ვებრძოლოთ, თხილს ფაროსანა უჩნდება, სიმინდს მატლი. ჩემი ძალებით ერთხელ შევწამლე, მაგრამ სიმინდი უკვე დიდია და ჩემით უკვე ვერ გავწვდები. თუ არ შეიწამლა, გაფუჭდება ნახევარზე მეტი", - უთხრა ჟურნალისტებს კახათის მკვიდრმა რუზგენ გოგიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანა წითლიძე ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ზომები დროულადაა მისაღები, რათა მოსავლის ნაწილის გადარჩენა მაინც მოხერხდეს. 

"მე მინდა მივმართო სოფლის მეურნეობის მინისტრს,ზუგდიდის მერს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს. ეს, რაც მე ხელში მიჭირავს, არის განადგურებული სიმინდის მოსავალი სამეგრელოში. იგივე ხდება იმერეთში, ზუსტად იგივე ხდება კახეთშიც. აი ეს სიმინდი ცოტა ადრე რომ შეეწამლა ხელისუფლებას, გადარჩებოდა. ეს მოსახლეობა არ იქნებოდა იმ რისკის ქვეშ, რომ ახლა დარჩნენ მოსავლის გარეშე. ეს არის დაახლოებით იგივე მასშტაბით, რაც იყო ფაროსანა და რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ, გვახსოვს რაც იყო, მოსახლეობა წლების განმავლობაში რჩებოდა მოსავლის გარეშე. ახლა პრობლემა არის მატლი, რომელიც მთლიანად ანადგურებს სიმინდს.", - თქვა დეპუტატმა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უამინდობის პირობებში ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მუდმივად ხორციელდება. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფაროსანასთან ბრძოლისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების (სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ბუგრები) საწინააღმდეგოდ. დღეისათვის დასავლეთ საქართველოში მცირემოცულობიანი და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 33 210.50 ჰექტარი ფართობი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთში - 15174.75 ჰექტარი. 


Print