ახალი ამბები
ქართულმა მხარემ, ის მაინც უნდა თქვას, რომ გმობენ რუსეთის პრეტენზიებს, თუ ჩააბარეს უკვე? - ზაქარეიშვილი ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე
ბიჭვინთაში მდებარე ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება ბოლო კვირაში განხილვის მთავარი თემაა აფხაზური საზოგადოებისთვის. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. 

"შეგვიძლია თუ არა უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიმშვიდე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რა ალტერნატივა გვაქვს? გვყავს თუ არა მეზობლები, რომლებიც ერთნაირად დაგვეხმარებიან? სხვა მეზობელთან ომში ვართ, როგორ დავივიწყოთ ეს? ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს ან არ ესმის, ან ვითომ არ ესმის, რომ დასავლეთის "თითქოს დაინტერესებულია" დახმარებით. ეს არ არის მართალი. მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარებას, დიდ რუსეთს რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი", - აცხადებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია. მისივე თქმით, ისინი "ობიექტს არა ბიზნეს სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ, ისეთ ხელმძღვანელს გადასცემენ, რომელმაც, ძალიან ბევრი გააკეთა აფხაზეთისთვის".

შეხვედრებზე, რომლებიც ამ საკითხის განხილვას ეხებოდა, ასლან ბჟანიას აფხაზი ოპოზიციონერები დაუპირისპირდნენ, რომლებიც, ისევე, როგორც მოსახლეობის ნაწილი, აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

"ქართულმა მხარემ, ის მაინც უნდა თქვას, რომ ისინი გმობენ რუსეთის პრეტენზიებს საქართველოს ტერიტორიის მიმართ, თუ ჩააბარეს უკვე? რატომ ვერ იღებენ ხმას, წარმოუდგენელია... ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ გაგვიკეთებია განცხადებები, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ა.შ... მაგრამ, ჩვენ უფრო უარესზეც არ ვიღებთ ხმას...არ ვიღებთ ხმას იმაზე, რომ საქართველო ისევეა დაზიანებული რუსეთისგან, როგორც უკრაინა, ჩვენთან ოკუპირებულია ტერიტორიები და ხელი აქვს მოწერილ რუსეთს დოკუმენტზე, 2008 წლის 12 აგვისტოს, სადაც ამბობს, რომ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან და დღეს ჩვენ გვეშინია, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, როცა ყოველთვის ლაპარაკობდა ამაზე, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისევე "ქართული ოცნებაც", - ამის შესახებ, მან რადიო "ათინათის" გადაცემა "რაკურსში" ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკების" გასხვისებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას და ეს უკვე მეოთხე საკითხია, რომელსაც ისინი არ თმობენ რუსეთთან:

"ეს არის მშვენიერი მაგალითი იმ ზოგიერთი ქართველი ვაი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ აფხაზები ყურმოჭრილი მონები არიან რუსებისა. ეს მეოთხე თემა დაემატა. დღემდე ვერ მიაღწია რუსეთმა, რომ აფხაზეთის ტერიტორია იყოს პრივატიზირებული და იყოს გაყიდვაში, ითვლება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები ე.წ. სახელმწიფოს საკუთრებაა, მეორე საკითხი - დღემდე რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რომ უძრავი ქონება შეისყიდოს რუსეთის მოქალაქეებმა და მესამე საკითხი - დღემდე რუსეთმა ვერ მიაღწია ტრანსკავკასიური გზა გააკეთოს კოდორის ხეობაზე , რომ პირდაპირ ჩვენი კავკასია უკავშირდებოდეს აფხაზეთს, ეს სამი თემა აფხაზეთს დაბლოკილი აქვთ. რა იქნება მომავალში არ ვიცი, მაგრამ, 30 წელია ეს თემა აფხაზებს დაბლოკილი აქვთ".

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.  აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. მიუხედავად აფხაზური საზოგადოების ნეგატიური რეაქციისა ე.წ. პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.

აფხაზური მედიის თანახმად, არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის ხელმძღვანელობამ მიმართა აფხაზეთის ხელმძღვანელობას მოწოდებით, არ ააფორიაქოს მოსახლეობა ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის წამოწმევით", თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.





Print