ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავა - სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. უწყების განცხადებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქრისტინე თაკალანძე უკანონოდ დააკავეს. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს "ჯაშუშობა" ედება ბრალად.
Print