ახალი ამბები
მედვედევმა ბჟანიას დონეცკის და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" ოპერატიულად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება. 27 ივლისს ასლან ბჟანია მოსკოვთან მდებარე სამთავრობო რეზიდენცია "გორკი 9" -  ში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დმიტრი მედვედევს შეხვდა.


ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბჟანიამ და მედვედევმა "სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები" განიხილეს. მედვედევმა ბჟანიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ".

მიმდინარე წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

ამავე ცნობით, ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტისას" ასევე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მასთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რობერტ კიუტი.

მოსკოვში ბჟანიას ამჟამინდელი ვიზიტის ფონია აფხაზური საზოგადოების აღშფოთება, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკის" გასხვისების გამო. ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. მიუხედავად აფხაზური საზოგადოების ნეგატიური რეაქციისა ე.წ. პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას.


 

Print