ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა მეხუთედმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2021 წელს შევსებული დეკლარაციები, რომელთა მეხუთედიც ხარვეზიანი აღმოჩნდა. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 50-მა ხარვეზებით შეავსო. ამავე ცნობით, მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესტიაში გამოვლინდა, სადაც დეკლარაცია ხარვეზებით 10-მა თანამდებობის პირმა შეავსო. ყველაზე ნაკლები, მხოლოდ 1 შემთხვევა კი მარტვილში დაფიქსირდა. 

TI-ს კვლევის მიხედვით, 23 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი - ვახტან გადელია, აბაშის მერი - გიგა გაბელაია, წალენჯიხის მერი - გიორგი ხარჩილავა, ფოთის მერის მოადგილე - ლექსო თოდუა, ხობის მერის პირველი მოადგილე - რევაზ ზაქარაია, წალენჯიხის მერის მოადგილე - ივანე ბურდული და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზეზვა მაკალათია.

გამოვლინდა 14 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია, მათ შორის არიან: სენაკის მერი - ვახტანგ გადელია, აბაშის მერი - გიგა გაბელაია, ფოთის მერის მოადგილე - ლექსო თოდუა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზეზვა მაკალათია.

18 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის არიან სენაკის მერი - ვახტანგ გადელია და ფოთის მერის მოადგილე - ლექსო თოდუა.

"თანამდებობის ხუთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში. გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ჩატარებულია საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოყენებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში.

სრულად დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე.
Print