ახალი ამბები
განმუხურში კონცერტის გასამართად ზუგდიდის მერიამ 37 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მერია 15 აგვისტოს განმუხურში გასართობი ღონისძიების გამართვას გეგმავს. შესაბამის ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 245 ლარს შეადგენს. 

პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიებისთვის საკონცერტო სცენის მოწყობა, მისი გაფორმება ეფექტებითა და განათებებით. ასევე, გათვალისწინებულია გახმოვანების აპარატურით მომსახურება, ხმის რეჟისორისა და დიჯეის მოწვევა.

რაც შეეხება შემსრულებელს, დოკუმენტაციის მიხედვით, ეს უნდა იყოს 4-5 წევრისაგან შემდგარი ცნობადი, არანაკლებ 4 სტუდიური ალბომის მქონე ინსტრუმენტალური ბენდი. მუსიკალური პროგრამა უნდა მოიცავდეს ქართული და უცხოურ კომპოზიციებს, რომელთა ჟანრი იქნება ინდი ან/და არტ-როკი.
Print