ახალი ამბები
მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის 2022 წლის შეფასებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო არსებულ ვითარებაზეა საუბარი.

"2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა. თუმცა, 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის გავლით ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს ისარგებლოს აღმოსავლეთ/დასავლეთით გაზრდილი ვაჭრობით.

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად", - ნათქვამია ანგარიშში.


Print