ახალი ამბები
სვანეთში პარაპლანით ფრენები შეჩერდა
სვანეთში პარაპლანით ფრენები უკვე 2 დღეა შეჩერებულია. ამის შესახებ "ათინათს" პარაგლაიდინგის სვანეთის კლუბის პილოტმა ვიკა ფილფანმა უთხრა. მისი თქმით, აღნიშნული გუდაურში, თეთრი არაგვის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება. ამასთან, კლუბის წევრები მთავრობისა და საკუთარი ფედერაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

"სვანეთობის" დღეს მოხდა ტრაგედია და მას შემდეგ არ სრულდება, შეწყვეტილია სვანეთში ეს ფრენები. დაველოდებით საერთო გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო, სხვა კლუბები, ფედერაცია და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ", - გვითხრა მან. 

ვიკა ფილფანის ინფორმაციით, სვანეთში სპორტის აღნიშნული სახეობით ნაკლები დაინტერესება იყო და დღეში საშუალოდ 6 ფრენა სრულდებოდა. 

29 ივლისს, გუდაურის მიმდებარედ პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი ადამიანის სამაშველო ოპერაციისთვის გამგზავრებულმა შსს-ს კუთვნილმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად დაღუპულია ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ასევე, გარდაცვლილია ერთ-ერთი პარაპლანისტიც, უცხოელი, რომლის სამაშველო ოპერაციაც მიმდინარეობდა. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი დაშავდა.
Print