ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ადგილზე სამი საათის დაგვიანებით ჩავიდა
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, რომელიც გუშინ ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან 17:25 წთ-ზე გავიდა, დანიშნულების ადგილზე ღამის, დაახლოებით, 03:30 წთ-ზე ჩავიდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მატარებლის მგზავრები უყვებიან. ისინი ტრანსპორტის გაუმართაობაზე საუბრობენ და ყვებიან, რომ მატარებელი დაძვრიდან რამდენიმე წუთში გაჩერდა.

"ზუგდიდიდან ინგირამდე ვერ მიაღწია, ისე გაჩერდა მატარებელი. ამის შემდეგ ყოველ ხუთ წუთში ჩერდებოდა და დაძვრას, თითქმის, 20 წთ უნდებოდა. გვეუბნებოდნენ, რომ ძაბვის პრობლემა იყო. ცოტა ხანში ვაგონებში სუნიც დადგა, თითქოს, რაღაც იწვოდა. მგზავრები გაჩერებას ითხოვდნენ მატარებლის. მოვითხოვეთ, რომ ავტობუსებით უზრუნველვეყავით, თუმცა უარი გვითხრეს. ხაშურში მგზავრების ნაწილი ჩავიდა. არც კონდინციონერი მუშაობდა და საბოლოოდ, ისევ იმავე გაუმართავი მატარებლით, ღამის ოთხის ნახევარზე ჩავედით თბილისში", - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.

"საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ კონკრეტულ სამგზავრო მატარებელს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ.

"სამი საათის დაგვიანებით ჩავიდა მატარებელი თბილისში. ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი. რამდენიმე სადგურში ჩავიდა, რადგან აკეთებდა გადატვირთვას. გამცილებლემა გააფრთხილეს მგზავრები, რომ ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი. მათ რკინიგზა სრულად დაუბრუნებს ბილეთის საფასურს. როცა კონკრეტულ მატარებელს აქვს ტექნიკური ხარვეზი, კომპანია მუშაობს მის აღმოსაფხვრელად. რა თქმა უნდა, მატარებელს, რომელმაც, შესაძლოა, რეისი ვერ დაასრულოს, რეისზე არ დააყენებს რკინიგზა. ყველა ზომა მივიღეთ და რეისზე სხვა მატარებელია. როგოროც კი შეკეთდება, დაბრუნდება ხაზზე", - უთხრეს რადიო "ათინათს" საქართველოს რკინიგზაში.

ყოველდღიურად თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით და პირიქით თითო სამგზავრო მატარებელი მოძრაობს.






Print