ახალი ამბები
სოხუმში ბიჭვინთის გასხვისების საწინააღმდეგოდ ახალი კამპანია წამოიწყეს
სოხუმში ახალი საზოგადეობრივი კამპანია დაიწყო. მისი ინიციატორის, ქართულ - აფხაზური ომის ვეტერანის ლეუან მიქაას თქმით, ახალი პლატფორიმის შექმნის მიზანია აფხაზეთის "სუვერენიტეტის" დაცვა და საზოგადოების პროეტესტი, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი საშუალება და შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ ჩვენს სუვერენიტეტს სამართლებრივი თვალსაზრისით. მოდის ხმები, რომ ამა თუ იმ სფეროში დავალებებს თავად ვერ გავართმევთ თავს და ამიტომ, მაგალითად, ვერ მივხედავთ ამ ტერიტორიას... ამიტომ უნდა დავთმოთ. მაგრამ ეს, ფაქტობრივად, ნულოვანი არგუმენტია, ამიტომ გვინდა მივმართოთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გვინდა დავინახოთ მათი აქტიურობა და ნების გამოვლენა, რომ ისინი მზად არიან დაიცვან თავიანთი ქვეყანა ყველა მიმართულებით და განავითარონ ის ეკონომიურად", - განუცხადა აფხაზმა აქტივისტმა "ეხო კავკაზას".

მისი თქმით, ძირითადად, ამ ყველაფრის მიღწევას საინფორმაციო კამპანიის საშუალებით გეგმავენ. თუმცა, მიქაა აქვე აღნიშნავს, რომ "დაუშვებელია სპეკულირება აფხაზეთისთვის ისეთი სასიცოცხლო თემებით, როგორიცა რუსულ - აფხაზური ურთიერთობები". ის თვლის, რომ ბიჭვინთის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება "არაპროფესიონალურად იყო შედგენილი და არ ითვალისწინებდა შიდა კანონმდებლობას".

"ჩვენ მომხრენი ვართ რუსეთთან მოკავშირე, ძმური ურთიერთობის, მაგრამ არსებობს ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები", - ასკვნის აფხაზი აქტივისტი.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. მიუხედავად აფხაზური საზოგადოების ნეგატიური რეაქციისა ე.წ. პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილი ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე - საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს





Print