ახალი ამბები
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში უკანონო აფთიაქები გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2022 წლის განვლილ პერიოდში ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოვლინდა. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აფთიქები შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე,ხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდნნენ.


სწორედ ამ ობიექტებიდან დიდი ოდენობით მედიკამენტები ამოიღეს. ამასთან, დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი.

„უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი - წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print