ახალი ამბები
ზუგდიდის "დინამო" ფიფასა და უეფას დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "დინამოს" ადმინისტრაცია გაყიდული თამაშების საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ კლუბის დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ და "დინამოს" იურისტმა ჯიმშერ ტყებუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ისინი ფეხბურთის ფედერაციისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვენ, რომელიც დაადასტურებს კლუბის შემხებლობას თამაშების გაყიდვასთან. ამასთან მათივე თქმით, უნდა გაუქმდეს ფიფასა და უეფას გადაწყვეტილება გუნდის დისკვალიფიკაციის თაობაზე. 

"მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და ზუგდიდის "დინამო" მონაწილეობდა გარიგებულ თამაშებში, პროკურატურა ვალდებული იყო აღეძრა საქმე. დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი არის, რომ მივაწვდინოთ ხმა დაიწყონ გამოძიება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იმ უფლებამოსილების და ძალაუფლების პირობებში საქართველოს პროკურატურა გაცილებით უფრო კვალიფიციურად გამოიკვლევს ამ საქმეს. ფედერაციამ ბრალი დაგვდო გარიგებულ თამაშებში, მაგრამ მათ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, გარდა ორად-ორი წერილისა, რომელიც მოსულია უეფა-დან. ბიჭებს არ ჰქონდათ საშუალება დაეცვათ თავი, ფეხბურთელები დატოვეს სახელ გატეხილი და უმუშევარი", - თქვა ჯიმშერ ტყებუჩავამ. 

კლუბის ხელმძღვანელი ზაზა ჯანაშია ამბობს, რომ სიმართლეს სასამართლო გზით დაამტკიცებენ. 

"გუნდმა და ქალაქმა მიიღო დიდი ზარალი, იმიტომ, რომ ზუგდიდში ერთადერთი რაც არის, ეს არის ფეხბურთი. ხალხსაც უყვარს და პატივს სცემენ. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით, გუნდი მეოთხე ადგილზე მყავდა და ისეთი რაღაც მომდეს ვერ გავიგე, რატომ და რის გულისთვის დაგვჩაგრეს. 60 ადამიანი მუშაობს ჩემთან, რომლებიც დატოვეს უხელფასოდ. ვუთხარი ფედერაციას, რატომ აკეთებთ მეთქი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არა გაქვთ. ისე გადაწყვიტეს ყველაფერი ორი სიტყვაც არ მათქმევინეს. შეტანილი გვაქვს სარჩელი. გუნდი უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და ყველაფერი უნდა აღდგეს. მეორეც, ეს არის ჩემი სახელის გატეხვა და ქალაქის შეურაცხყოფა. ეს გუნდი არის ქალაქის",- ამბობს ჯანაშია.

ს.კ. ზუგდიდის "დინამო" მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში. ასევე  დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოცხადდა. ფედერაციამ ჯარიმები როგორც კლუბს, ისე მის ცალკეულ ფეხბურთელებსაც დააკისრა.


ამავე თემაზე: 

დისკვალიფიკაცია და ჯარიმები ზუგდიდის "დინამოსა" და მის ფეხბურთელებს თაღლითური ფსონების გამო - სფფ

Print