ახალი ამბები
ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების მასალები აფხაზეთის "საკონსტიტუციო სასამართლომ" "პარლამენტს" უკან დაუბრუნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ "პარლამენტს" უკან დაუბრუნა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მასალები, მათი სამართლებრივად სრულყოფისთვის.

ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი.

ე.წ. პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მოთხოვნის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და ახლიდან გაგზავნოს მიმართვა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში იურიდიული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის და საზოგადოებრივ კამპანიაში ერთვება.

ამავე თემაზე:

ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების საწინააღდეგოდ აფხაზეთში ფლეშმობი წამოიწყეს



Print