ახალი ამბები
მესტიაში მაშველებმა ორი დღე-ღამით კლდეზე ჩარჩენილი ტურისტი გადაარჩინეს
მესტიაში მაშველებმა ორი დღის განმავლობაში კლდეში გაჭედილი 70 წლის უცხოელი გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივი ირინა კვიციანი წერს. მისი ინფორმაციით, ტურისტი მათი სტუმარი იყო და მესტიაში არაერთი მიმართულებით მარშუტები ჰქონდა დაგეგმილი. კვიციანი პოსტში დეტალურად ჰყვება, როგორ დაიკარგა სტუმარი და მაშველებს მისი პოვნისა და გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

„დადგა მესამე დღე, როდესაც მან გადაწყვიტა თეთნულდისკენ გამგზავრება, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ სასეირნოდ.... დაახლოებით შუადღის 2 საათზე მირეკავენ და მატყობინებენ რომ იძებნება ჩემი სტუმარი (ზარი განხორცოელდა მის მიერ 112-ზე, რომ ის დაიკარგა). დაუყოვნებლივ ჩაერთო სამძებრო სამუშაოში მესტიის სამაშველო სამსახური და პოლიცია. თითქმის ორი დღე და ღამე მე და ჩემს ოჯახს არ გვიძინია. საშინელი ორი დღე გადავიტანეთ.... როცა მეორე ღამეც უკვე დადგა, მე უკვე გადაწურული მქონდა მისი ცოცხლად პოვნის იმედი. ამ ორი დღის განმავლობაში ერთი წუთით არ შეწყვეტილა ძებნა. ბიჭები ეძებდნენ, ტყეში, კლდეში, ფანრებით და იმედით, რომ იპოვიდნენ, თუმცა არ იცოდნენ, სად უნდა მოეძებნათ, რადგან სტუმარმა მათ მისცა არასწორი ლოკაცია და სინამდვილეში სულ სხვაგან იმყოფებოდა. არ დატოვეს კუთხე და შესაძლო ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა წასულიყო. ჩემი სტუმარი არის 70 წელს გადაცილებული, აქვს სმენის და მხედველობის პრობლემა და ეს ადამიანი აღმოჩნდა კლდეში "გაჭედილი", დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლეზე... ამ კლდეში მან დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე, ერთი ნაბიჯის გადადგმაც მისი სიკვდილის ტოლფასი იყო.... ხო და ამ ბიჭებმა, ამ დალოცვილმა ვაჟკაცებმა შეძლეს შეუძლებელი... როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ხმები ესმით და სავარაუდოდ, ჩემი სტუმარი იყო, ვერ აღგიწერთ ჩემი და ჩემი ოჯახის ემოციას....იპოვეს და შეასრულეს ურთულესი სამუშაო მხოლოდ თოკების დახმარებით (არანაირი ვერტმფრენი ან სხვა რამე) ჩამოიყვანეს ეს ადამიანი სამშვიდობოს და თვითონაც უვნებლები დაბრუნდნენ უფლის წყალობით“, - ვკითხულობთ პოსტში.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

Print