ახალი ამბები
მესტიაში სეტის მოედნისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება
ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში სეტის მოედნისა და მიმდებარე არეალის, ასევე, სეტის სკვერის რეაბილიტაცია და მესტიის აეროპორტის მიმდებარედ სგიიშში სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 მილიონი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი გულისხმობს პარკის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონებისა და სხვადასხვა ტიპის რეკრეაციული სივრცის მოწყობას, მერხების, სანაგვე ურნებისა და გარე განათების განთავსებას. ასევე, აღდგება საფეხმავლო თუ გამწვანებული საფარი და სხვა მცირე არქიტექტურული ელემენტები.

"ყველა ჩამოთვლილი არქიტექტურული ელემენტი კარგად უნდა ეწერებოდეს საერთო მხატვრულ-ესთეტიკურ გარემოში", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

რაც შეეხება მესტიის აეროპორტის მიმდებარედ სგიიშში არსებულ მიწის ნაკვეთს, აქ სარეკრეაციო სივრცე უნდა მოეწყოს. საუბარია სკვერზე, სადაც იქნება სპორტული თუ საბავშვო გასართობი ატრაქციონები, სხვადასხვა ტიპის ფანჩატური/მოსასვენებელი
სივრცეები და მყარი ხის მასალის მდინარის დამაკავშირებელი ხიდები. ეს სარეკრეაციო სივრცეები ერთმანეთს ბილიკებით დაუკავშირდება, სადაც ასევე მოეწყობა სხვადასხვა დამატებითი ინფრასტრუქტურა და მცირე არქიტექტურული ელემენტები.

დაგეგმილია ტერიტორიამდე მისასვლელი სამანქანო გზის, პარკირების და გარე განათების მოწყობა.

"მიმწოდებელი ვალდებულია ესკიზების მომზადებისას გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება (საჭიროების შემთხვევაში) ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული და/ან კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე მიდგომების შესაბამისად", - წერია ტექნიკურ დავალებაში.

ტენდერში წინადადებები 16-დან 19 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. საგარანტიო ვადა 2 წელიწადს შეადგენს.

პროექტი კი სახელმწიფო პროგრამის - "განახლებული რეგიონები" ფარგლებში ხორციელდება.





Print