ახალი ამბები
სოხუმი : მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
აფხაზეთში რამინ ხმაილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. სოხუმის პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე ვადიმ ვოუბასა და კიდევ ერთი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდი იუწყება. ვოუბას დაკავების შესახებ ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე არ გახმაურებულა. 

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, დაკითხვის წარმოებისას ეჭვმიტანილმა ვოუბამ ნაწილობრივ აღიარა  წინასწარი გამოძიების მიერ წარდგენილი დანაშაულები. დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მასიკ ხმაილი სოხუმში 27 ივლისს ავტომობილში ჩაცხრილეს. თავდაპირველად ინფორმაცია ტელეგრამ არხმა DNAbkhazia - მ გაავრცელა.

მასიკ, იგივე რამინ ხმაილი, რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი პარტნიორის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთაგანია. მას 13 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, 2019 წლის 2 თებერვალს, ხმაილს სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გადაუვადეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე დიაგნოზის გამო.

სასამართლომ მასიკ ხმაილი დამნაშავედ ცნო იარაღის გამოყენებით ორი პირის გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობაში. მას ბრალად ედობოდა ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობა.

ჯართის გადამამუშავებელი კომპანია "პეტროლეუმ - აბხაზიას" გენერალური დირექტორი სერგეი კლემანტოვიჩი და მისი თანაშემწე, ოქსანა სკარედნოვა, 2012 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში ჩასვლიდან მალევე გაუჩინარდნენ. 2013 წლის 12 ოქტომბერს კი მათი გვამები სოფელ აძიუბჟაში, ჭაში აღმოაჩინეს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის დამკვეთი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ნოდიკ კვიცინია იყო. 2012 წლის 10 სექტემბერს კვიცინიამ ბისნეზმენი და მისი თანაშემწე 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა, თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ კი თანამზრახველებს გატაცებულთა ლიკვიდაცია შესთავაზა.


Print