ახალი ამბები
ხობში საკრებულოს ორი წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან წავიდა - ფრაქცია დაიშალა
ხობის საკრებულოს ორმა წევრმა ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ გიორგი გახარიას პარტია დატოვა. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ მათ დაუდასტურდა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არცერთს სურს.

როგორც ნუგზარ შუშანიამ განმარტა, ის საკრებულოს წევრად რჩება.

„პირადი მიზეზით და განცხადებით დავტოვე პარტია. პროცესი დაგვანახებს, სამომავლოდ, რას გადავწყვეტ, საკრებულოში ვრჩები, მოსყიდვას რაც შეეხება, ასეთები ჩემთან არ ხდება“, - თქვა შუშანიამ.

მაკა ჩარტია კი ამბობს, რომ შესაძლო ზეწოლასა და მოსყიდვაზე თავად პარტიის წარმომადგენლებმა, მაგალითად, ბერდია სიჭინავამ უნდა ისაუბროს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არ გამორიცხავს, რომ საკრებულოში მუშაობა სხვა პოლიტიკური გუნდის შემადგენლობაში განაგრძოს.

„ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მომავალი გვიჩვენებს“, დასძენს ჩარტია.

გუშინ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს წევრები „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა და გადაიბირა. პარტიის გადაწყვეტილებით კი, ორივე მათგანი გაირიცხა.

„დღეს „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმა მოსყიდულმა, გადაბირებულმა წევრმა, ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“. ნუგზარ შუშანიას დაპირდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ხოლო მაკა ჩატიას - უმუშევარი მეუღლის დასაქმებას. მაშინ, როდესაც „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის - ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად არიან ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები“, - განაცხადა სიჭინავამ.

ხობის 36 წევრიან საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიას 4 მანდატი ჰქონდა, თუმცა ორი დეპუტატის წასვლით ფრაქცია დაშლილია.



Print