ახალი ამბები
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება
1-ელ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ამავე ცნობით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

"დღესვე ცესკო-მ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ხელახლა მოუწევთ თეკლათისა და ჭალადიდის მაცხოვრებლებს, რადგან ამ სოფლების მაჟორიტარმა, ენმ-ს წევრმა ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო მაისში დატოვა და მას უფლებამოსილება რამდენიმე დღეში შეუწყდა.

წურწუმიას გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დავის საგანი გახდა. მისი ქმედებით სენაკის საკრებულო ოპოზიციური წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსს კარგავს. წურწუმიასთან ერთად 33 მანდატიან საკრებულოში ოპოზიციის 17 წარმომადგენელი იყო, 16 კი "ქართული ოცნების", თუმცა ახლა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს ("საქართველოსთვის", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) თანაბარი - 16-16 დეპუტატი ჰყავთ.


ამავე თემაზე:


რიგგარეშე არჩევნები თუ კრიზისის დაძლევა - რას უნდა ველოდოთ სენაკის საკრებულოში





Print