ახალი ამბები
მივიღეთ პირობა, რომ საწვავი, ჯამში 20-30 თეთრი გაიაფდება - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აგვისტოს ბოლომდე საწვავი ჯამში, 20-30 თეთრით გაიაფდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა რეკომენდაციით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს, რათა შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება.

"ჩემი დავალებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს, გამართეს რამდენიმე შეხვედრა. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით ვესაუბრე მათთან და იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე, საწვავის ფასები წამოვიდა ქვემოთ, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასის პროპორციულად დაკლება. ამიტომ, საჭიროა, გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან.

მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ კეთილსინდისიერება იმპორტიორების, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არ დარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არა არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დააკლეს უკვე ივლისში და ახლა აგვისტოში დააკლეს 10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობა არის საჭირო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Print