ახალი ამბები
სენაკის არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებს.


„6 თვეზე მეტია სენაკის საკრებულო არ შეკრებილა. შესაბამისად, კანონის მიხედვით მათი უფლებამოსილება შეწყვეტილია. ეს გადაწყვეტილებაც თუ სააპელაციო სასამართლოში ძალაში დარჩება, გამოდის, რომ სენაკის არაუფლებამოსილ საკრებულოში კიდევ ერთი დეპუტატი დაინიშნება და არაუფლებამოსილი საკრებულო შემდგომ უკვე მის „უფლებამოსილებას" განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება თუ აქტი, სამართლებრივად ძალაუფლების არმქონე იქნება. სამართლებრივად ასეა, მაგრამ დაზიანებული პროცესების წყალობით შეიძლება ამას ლეგიტიმაცია მიენიჭოს," - განაცხადა საია-ს იურისტმა ნიკა მაღედანმა.

თავის მხრივ, ცესკო-ს იურისტი კახა ნარეკლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს.

„თვითმმართველობის კოდექსში ცალსახად არის მითითებული, რომ საკრებულოს შესახებ უფლებამოსილების შეწყვეტა საქართველოს მთავრობის დადგენილი ფორმით ხდება. ასეთი დადგენილება მთავრობას არ მიუღია. ამდენად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია. ლეგიტიმური საკრებულოა და შესაბამისად, ცესკომ კანონით დადგენილი წესით და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შუალედური არჩევნები დანიშნა," - განაცხადა ცესკოს იურისტმა.

საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვდა.

Print