ახალი ამბები
პრეზიდენტი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბსა და კერამიკის სტუდია "ორკოლს" ესტუმრა
"ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ჩვენი კულტურა და ტრადიციაა", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბ "ხარებაში" სტუმრობისას თქვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, არსებობდეს ბევრი საჯინიბო და მათ რეგიონისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელშეწყობა ჰქონდეთ.

"როგორც "ენგურჰესია" ხიდი აფხაზეთთან, ასევე, ცხენი და ცხენოსნობა არის ხიდი სამეგრელოს და აფხაზეთს შორის და ზოგადად, გამაერთიანებელი. საჭიროა, აქ იმართებოდეს დიდი შეჯიბრები, სადაც აფხაზებიც ჩამოვლენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. საჭიროა, ამ ადგილს მისი კუთვნილი, ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ და არ დავივიწყოთ, რომ ცხენოსნობას ქართული სახელმწიფოსა და ქართული მხედრობისთვის კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. თუ ამ ყველაფერს ერთად გავიაზრეთ და ტურიზმის მიმართულებასაც დავამატებთ, ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაცოცხლებელი დარგია. მივხედოთ ამ დარგს!", - თქვა პრეზიდენტმა.

კლუბის დამფუძნებელმა მამა იაკობ ეხვაიამ სალომე ზურაბიშვილს კლუბის განვითარების შესახებ შემუშავებული პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, 2016 წელს დაარსებული საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. მამა იაკობი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცეში მოზარდი თაობა გაუცხოებულია ბუნებასთან და ამიტომ მნიშვნელოვანია ცხენოსნობის განვითარება. 

სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი კერამიკის საწარმო "ორკოლსაც" ესტუმრა, რომელიც პროდუქციას უნიკალური ქართული ტრადიციით აწარმოებს. 35 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში, რომელმაც წარმოება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გააფართოვა და განავითარა, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

"ორკოლის" დამფუძნებელი რობერტ აბსანძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და აღორძინდეს კოლხური და ქართული თიხის წარმოების ტრადიცია, რომელიც ქალაქ ზუგდიდისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"საწარმო სხვადასხვა სახის კერამიკულ ნაკეთობებს აწარმოებს, რომლებზეც გამოსახული ორნამენტები უძველესი ქართული, არქაული კერამიკული ნამუშევრებიდანაა აღებული და კომპოზიციურად სინთეზია შექმნილი", - თქვა აბსანძემ.

პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ხორციელდება მცირე ბიზნესისა და ტრადიციული წარმოების მხარდასაჭერად. 







Print