ახალი ამბები
ზუგდიდის 2 სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითხოვენ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისისა და ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების წევრების ჩართულობით ზუგდიდის მერიას სოფლების ოდიშისა და კახათის მცხოვრებთა მოთხოვნებზე განცხადებით მიმართეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფელ ოდიშში, საქოჩუოს უბნის მაცხოვრებლები გზის საფარის მოასფალტებას, სანიაღვრე არხების მოწყობასა და მდინარე მეისკურზე ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაციის ითხოვენ. ამავე ცნობით, განცხადებას 123 ადგილობრივი მაცხოვრებელი აწერს ხელს.

სოფელ კახათის მცხოვრებთა მოთხოვნა კი საჩახაიოს უბანში სკვერის მოწყობაა. შესაბამის განცხადებას ხელი უბნის 32-მა მცხოვრებმა მოაწერა.

"მოვუწოდებთ ზუგდიდის მერიას დეტალურად შეისწავლოს სოფელ ოდიშისა და სოფელ კახათის მცხოვრებთა მოთხოვნები, რათა მიმდინარე წელსვე გახდეს შესაძლებელი მათი მოსაგვარებელი სამუშაოების დაწყება", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.
Print