ახალი ამბები
გახარიას პარტია სენაკში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის გაუქმების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს, გაასაჩივრებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ოპოზიციურ პარტიაში სასამართლოს გადაწყვეტილებას სენაკელების ნების უგულებელყოფად აფასებენ.

"სენაკში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს უმრავლესობა, “ოცნებამ” ხელოვნურად შექმნა მუნიციპალური კრიზისი, ზედიზედ 9 სხდომის განმავლობაში კოლექტიურად არ ცხადდებოდნენ საკრებულოს სხდომებზე და ხელს უშლიდნენ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის უფლებამოსილების ცნობას.

აღნიშნული პროცესი ორგანიზებული იყო ხელისუფლების და მმართველ პარტიის თავმჯდომარის მიერ, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ყველა ხერხს გამოიყენებდნენ მოქალაქეების არჩევანის შესაცვლელად, რომ ეს იყო პროცედურული ომი საკუთარი მოქალაქეების არჩევანის წინააღმდეგ.

სწორედ ამ პროცესის მსახურად აქცია “ოცნებამ” სასამართლო სისტემა, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი თვითმმართველობა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით სრულად უგულვებელყო ათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების და შესაძლებლობის - თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით ადგილობრივი მმართველობის განხორციელების რეალიზების შესაძლებლობა და გადაწყვეტილება ავტოკრატიული მმართველობის სასარგებლოდ მიიღო.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში", - აცხადებენ "საქართველოსთვის" წევრები.




Print