ახალი ამბები
მესტიაში არქეოლოგიური კვლევის ჩატარება იგეგმება
მესტიაში, სოფელ ტობარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უწყებამ უკვე გამოაცხადა და მისთვის 17 768 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ნენსკრას ხეობაში არაერთი არქეოლოგიური ობიექტი არსებობს და მრავალი არტეფაქტია აღმოჩენილი. აქვე ნათქვამია, რომ მიწის დამუშავების დროს სხვადასხვა არტეფაქტია ნაპოვნი, თუმცა აღნიშნული ტერიტორია ბოლომდე შესწავლილი არ არის.

"მიზანმიმართული არქეოლოგიური კვლევა-ძიება აქ 1960-ანი წლების შუა ხანებიდან იწყება., რაც გ. გობეჯიშვილის სახელს უკავშირდება, ხოლო მოგვიანებით, შ. ჩართოლანის ხელმძღვანელობით, ყალიბდება სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც თავის პირველ კვლევა-ძიებას სწორედ ლარილარის სამაროვნის შესწავლით იწყებს. ექსპედიციის მიერ არაერთი არქეოლოგიური ძეგლი იქნა გამოვლენილი და შესწავლილი, მათ შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩვ. წ-მდე VIII-VII სს-ის მეტალურგიული ქურები და უკვე ნახსენები, ჩვ. წ-მდე VII-VI საუკუნეების, ლარილარის სამაროვანი ინჰუმაციური სამარხებითა და კრემაციული მოედნებით. ტობარში შემთხვევით აღმოჩენილი არტეფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანის არსებობა უკვე ადრებრინჯაოს ხანიდან იწყება. ტობარიდან ცნობილი უადრესი არტეფაქტი - სპილენძის ყუადაქანებული ცული, რომელსაც მკვლევარები მაიკოპის კულტურის ნოვოსვობოდნაიას ჯგუფის ცულებს ამსგავსებენ და შესაბამისად ჩვ. წ-მდე მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით ათარიღებენ. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სოფ. ტობარში საკარმიდამო ნაკვეთში, დამხმარე სათავსოების მშენებლობისას აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც სამწუხაროდ დაკარგულია. ამავე ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს ნაპოვნია სპილენძის ყუამილიანი ცული და კერამიკის ნატეხები, რაც სავარაუდოდ ამ ადგილას ბრინჯაოს ხანის სამაროვნის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. მიუხედავად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არტეფაქტების აღმოჩენისა და შესწავლისა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბოლო დრომდე არ არის შესწავლილი ამ პერიოდის ნამოსახლარი", - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებები 27-დან 30 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.




Print