ახალი ამბები
სვანეთში დღეს "ხალდეობის" ღონისძიება გაიმართება
დღეს მესტიაში, კალას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხალდეში წელს უკვე მეორედ "ხალდეობის" ღონისძიება გაიმართება. მისი ორგანიზატორები ადგილობრივი მერია და "ხალდეს აღორძინების ფონდის" ხელმძღვანელი, თორნიკე გასვიანი არიან.

როგორც მერიის გვერდზე ვკითხულობთ,  ღონისძიებას 17:00 საათზე გახსნის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი "რიჰო", რომელიც ძველ სვანურ სიმღერებს შეასრულებს. ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრის მიერ დაგეგმილია ხალდეს აჯანყების ისტორიის გაცოცხლება. ასევე გაიხსნება ხალდეს აჯანყების შესახებ ინფორმაციულად დატვირთული ფოტო-გამოფენა. ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი მზარეულების მიერ ჩატარდება სვანური კუბდარის ცხობის და სვანური სამზარეულოს მასტერ კლასები.

1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. მას წინ უძღოდა ადგილობრივების აჯანყება, რომელიც მიმართული იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.

აჯანყების ცოცხლად გადარჩენილ ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა.
Print