ახალი ამბები
საპენსიო დანაზოგების მონაცემებზე წვდომა ტექნიკური განახლების გამო შეიზღუდა - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, პირად საპენსიო გვერდებსა და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ტექნიკური განახლების გამო შეიზღუდა. მათივე ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულებულია და მონაცემები ჩვეულ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

"სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტრუქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე, აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საბანკო აპლიკაციებში საპენსიო დანაზოგის შესახებ მონაცემების შეზღუდვაზე ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა და დისკუსიის საგანი გახდა.
Print