ახალი ამბები
ჩვენთვის ეს არის განვითარების ბუნებრივი გზა - არძინბა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან აფხაზეთის შეერთებაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "აფხაზეთი მზადაა შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს". ამის შესახებ ინალ არძინბამ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის

ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა. შესაბამის ვიდეოს უწყების ვებგვერდი ავრცელებს.

მისი თქმით, ბელორუსების ინტერესი აფხაზეთის მიმართ იზრდება, ისინი ხაზს უსვამენ "ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებას". ასევე, როგორც არძინბა აღნშნავს,  მიმდინარეობს "აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია რუსეთის კანონმდებლობასთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სტანდარტებთან", განსაკუთრებით საბაჟო რეგულირების კუთხით.

"ჩვენთვის ეს არის განვითარების ბუნებრივი გზა, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს მონაწილეობას ევრაზიული ინტეგრაციის პროცესების განვითარებაში", - განაცხადა მან.

უფრო ადრე, იმავე გადაცემაში, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განცახად, რომ "აფხაზეთი მზადაა შეუერთდეს რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს. 

"ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფო, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა არის ახლოს აფხაზეთის ხალხთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება", - განაცხადა აფხაზამ ლიდერმა. მისივე თქმით, აფხაზეთს ესმის რუსეთის ფედერაციასთან ძლიერი ალიანსის აუცილებლობა იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, როცა "ერთპოლარული სამყარო დაინგრა".

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი წინამორბედი იყო დაურ კოვე, რომელიც ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

მანამდე, 2014-2018 წლებში არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.


 

Print