ახალი ამბები
სოხუმში მოსკოვს მოუწოდეს გაიწვიოს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა
აფხაზეთის დაახლოებით 60-მდე მცხოვრებმა რუსეთის "ელჩს" მიხაილ შურგალინს "აფხაზეთის ქალების" სახელით წერილით მიმართა. მიმართვის ავტორები ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან, წერს "ეხო კავკაზა".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს "აფხაზი ხალხის, აფხაზეთის, მის კანონებთან და კონსტიტუციასთან სახელმწიფოებრივ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის". აქვე ხაზგასმულია, რომ "მთავრობის" მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის რატიფიცირებაც "პარლამენტს" არ მოუხდენია "უკვე ახლა იწვევს საზოგადოებაში დაძაბულობას".

"ქალებს არ გვსურს, რომ ვითარება უკონტროლო გახდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებასა და მთავრობას შორის ძალისმიერი დაპირისპირება წარმოიქმნას, რომ ჩვენს საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები გაჩნდეს",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ქალები, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ, რასაც "უცხო სახელმწიფოსთვის აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდება" ითვალისწინებს.

"აღასანიშნავია, რომ, სანამ შეთანხმება რატიფიცირებული არაა, რუსეთის ხელისუფლებას აქვს სიბრძნის გამოვლენის შანსი რათა გაიწვიოს თავისი ხელმოწერა. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული შეთანხმება ორ მეგობარ სახელმწიფოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გართულების მიზეზად არ იქცევა" მომართვათ თქვენ, მიხაილ ალექსანდროვიჩ, მოწოდებით თქვენი უფლებამოსილება გამოიყენოთ, რათა აღნიშნული შეთანხმება გაუქმდეს უახლოეს მომავალში",- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები "ელჩს" შეხვდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა ნაირა ამალიამ განაცხადა, რომ "შეხვედრამ ნორმალურ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ჩაიარა".

უფრო ადრე, რუსი დიპლომატი აფხაზეთში მოქმედმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა "აიააირამ" და "აიდგილარამ" სააგენტო "რია ნოვოსტისთან" გამოთქმული პოზიციის გამო გააკრიტიკეს. შურგალინმა გამოცემასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბიჭვინთის" ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება "ზედმეტად პოლიტიზებულია". მისი სიტყვებით "ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას". "ელჩმა" დასძინა, რომ "ბიჭვინთის" საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა "აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი. 

"შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.

ფოტო: "ეხო კავკაზა"

Print