ახალი ამბები
ფოთში ერთ-ერთ კომპანიას მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს "მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა. უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ საწარმოში "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით" გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება. 

ფოთის საქალაქო სასამართლომ კომპანია სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.

მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად; ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Print