ახალი ამბები
სოხუმში ენგურის ხიდზე ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობა განიხილეს
ტელეგრამ გვერდი RESPUBLICA  აფხაზი ჟურნალისტის, ინალ ხაშიგის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასულ კვირას გამართული შეხვედრის დეტალებს ეხება. ხაშიგი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ დისკუსიის მთავარი თემა აფხაზეთის გავლით საქართველოში საქონლის ტრანზიტი იყო. მისივე მტკიცებით, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც "ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები" შედიან. 

"ამ სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ ასეთი ტრანზიტი აუცილებელია. აფხაზეთი ისტორიულად სატრანზიტო დერეფანი იყო. ახლა კი ეს საკმაოდ აქტუალური ხდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ჩიხად ვიქეცით. ყველა საქონელი გადის ერთსა და იმავე მარშრუტს: აფხაზეთიდან რუსეთში, რუსეთიდან აფხაზეთში. აფხაზეთს ტრანზიტით ფული პრაქტიკულად არ გამოუმუშავებია.

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთს დაუწესდა უზარმაზარი რაოდენობის სანქციები, გლობალური ტრანსფორმაცია განიცადა როგორც ლოგისტიკამ, ასევე ლოგისტიკურმა ცენტრებმა. ახლა, როცა ახალი ლოგისტიკური მარშრუტების ორგანიზების პროცესები მიმდინარეობს, ძალიან დიდი სისულელეა იმის მშვიდად ყურება, თუ როგორ გვეცლება ხელიდან ფული, რომელიც აფხაზეთს ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, თურქული მიმართულება კი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი ჰაბი ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ხაშიგმა RESPUBLICA-სთვის მიცემულ კომენტარში.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფმა აფხაზ ლიდერს  რეკომენდაციით მიმართა მოიხსნას ენგურის "საგუშაგოზე" არსებული შეზღუდვები. ჟურნალისტი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აფხაზეთი შეძლებს "სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების მიღებას, რომლებიც მოდიან სომხეთიდან და თურქეთიდან". 

"ეს ასევე ეხება სხვადასხვა საქონელს საქართველოდან. ბოლოს და ბოლოს, გვაქვს სახელმწიფო სტანდარტი, რომელმაც უნდა მოახდინოს ამ საქონლის სერტიფიცირება აფხაზური წესებით", - დასძინა მან.

ამასთან,  ხაშიგის მტკიცებით, ქართულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აფხაზეთი თავად წყვეტს, რა საქონელი შედის მის ტერიტორიაზე და რომელი გადის.

2008 წელს აფხაზეთმა სრულად აკრძალა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქონლის გადატანა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი.



Print