ახალი ამბები
ვიტალის დარასელიას ხსოვნას უზბეკმა გულშემატკივარმა 40 წლის შემდეგ მიაგო პატივი
ვიტალი დარასელიას ფანმა, უზბეკმა უკტაშ აზიზოვმა, ქალაქ შახრისაბზიდან, 40 წლის წინ დადებული პირობა შეასრულა და ფეხბურთელის საფლავზე ოჩამჩირეში ჩავიდა. ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზიზოვი თბილისის "დინამოს" დიდი გულშემატკივარი იყო, როგორც მან Ochamchira_inform-ს უთხრა, ის ყურადღებით ადევნებდა თვალს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებს, ვიტალი დარასელია კი, მისი კერპი იყო.

"ბავშვივით ვტიროდი, მისი გარდაცვალების შესახებ რომ შევიტყვე, მე ხომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მომდევნო წელს, ის უეჭველად ოქროს  ბურთის ფლობელი გახდებოდა! მისი დაკრძალვის დღეს, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მის საფლავზე ქალაქ ოჩამჩირეში და პატივს მივაგებდი დიდ ფეხბურთელს", - უთხრა აზიზოვმა.

ქართველი ფეხბურთელის, თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა. 1982 წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, 25 წლის ასაკში.


Print