ახალი ამბები
გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და თვითნებური დაკავებები - ასოცირების საბჭომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა დაგმო
ევროკავშირის ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე, - ამის შესახებ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში, გუშინ გამართულ, ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას ეხება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. "ხელშეკრულებების" შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
Print