ახალი ამბები
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იცვლება - სერგეი შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისკენ მოუწოდა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ "რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება".  

მისი თქმით, დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მიუთითებენ იმაზე, რომ მსოფლიო იცვლება და აფხაზეთში დღესვე უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა როლი ექნებათ რეგიონში.

"ვხედავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას. ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს აფართოებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ მთლიანობაში გსურთ სურათის აღქმა. ამიტომ მოდი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეთ... ამჟამინდელი შეთანხმებით განსაზღვრულია მიწის იჯარით გადაცემის ბოლო ვადა 49 წელი, შემდეგ უკვე ჩვენი შთამომავლები გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან", – დასძინა მან.

სექტემბრის დასაწყისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხების რატიფიცირება უნდა მოხდეს. თუმცა, მანამდე ის ამბობდა, რომ "მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება...ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. ამასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის და მოსკოვს მოუწოდებს გაიწვიოს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა.



Print