ახალი ამბები
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა, თუმცა ომის გამო პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს - მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანიამ შეასრულა. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი გრძელდება, კონკრეტული ვადები კი წლის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს", - თქვა მინისტრმა.

ამასთან, დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, გაფართოება მოახერხოს.

"ფოთის პორტთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია "ეიპიემ ტერმინალთან" გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ახლა ეს არის ინვესტორის გადაწყვეტილება, თუ როდის და რამდენ ინვესტიციას ჩადებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Print