ახალი ამბები
დავით შამათავამ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერიის ააიპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" დირექტორმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავით შამათავა მადლობას უხდის ყოველ თანამშრომლებს და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდული პროფილი კვლავ დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად სასახლესა და მუნიციპალიტეტში.

"გულწრფელად მეამაყება, რომ მომეცა შესაძლებლობა პატარა წვლილი შემეტანა სასახლის განვითარების პროცესში. ჩემთვის ეს პოზიცია არასოდეს ყოფილა კომფორტი, მე მას აღვიქვამდი შესაძლებლობების სივრცედ, რომელსაც შეუძლია ჩვენი ახალგაზრდები გააერთიანოს და მათ ხელი შეუწყოს პიროვნულ განვითარებაში. ვფიქრობ, ამ ხნის მანძილზე შევძელი, ჩემს კოლეგებთან ერთად, სასახლის ისტორიაში განსხვავებული ფურცლები შეგვეტანა. ერთობლივად დავგეგმეთ უამრავი ღონისძიება და განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ყველაფერი შედეგებზე აისახება.

დღეს ვარ ახალი გამოწვევების წინაშე, ვტოვებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობას და გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თუმცა, ყოველთვის და ყველგან ვიქნები ჩემი სასახლის გულშემატკივარი. თითოეულ მათ წამოწყებას, აზრს, იდეას შეძლებისდაგვარად შევუწყობ ხელს", - წერს შამათავა. 

ის აღნიშნულ თანამდებობას გასული წლის მარტიდან იკავებდა.
Print