ახალი ამბები
მოსკოვი სოხუმთან "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს
რუსეთის ფედერაცია აფხაზურ მხარესთან "ორმაგი მოქალაქეობის" საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. შესაბამისი განკარგულება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა, პარასკევს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე, გამოქვეყნდა, იუწყება სააგენტო "ტასი".

შეთანხმების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ "აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა და განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და მიაღწიეს სრულწლოვანებას".

შესაბამისი შათანხმების პროექტი  2022 წლის მარტში მომზადდა. მასში ნათქვამია, რომ  "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს" შესაძლებლობა ეძლევათ რუსეთის ფედერაციას მიმართონ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების განაცხადით და რომ ის ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან იმ ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის მომენტში.

ასევე, "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები, როემლთაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური "ერთ-ერთ ქვეყანაში , თავისუფლდებიან მეორე მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან".

"ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. 


Print