ახალი ამბები
“სამხედრო საქმე“, საქართველოს ისტორია ცალკე, ჭადრაკის გაკვეთილები - სიახლეები ახალი სასწავლო წლისთვის
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან, მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ასევე, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

„ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

ასევე, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

„პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება.


ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში.

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

„2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.

Print