ახალი ამბები
რუსეთი ბიჭვინთის აგარაკებს მაღალჩინოსნების დასვენებისთვის გამოიყენებს - მოსკოვმა სოხუმს ნოტა გაუგზავნა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყებას" ბიჭვინთის შეთანხმებასთან დაკავშირებით ნოტა გამოუგზავნა. ინფორმაცია ე.წ. სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ "რუსული მხარე აპირებს ხელშეკრულების მე-4 მუხლში აღნიშნული ობიექტებით, მიწის ნაკვეთებით და ზღვის აკვატორიით სარგებლობას მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ობიექტის ექსპლუატაცია არ შეიძლება განხორციელდეს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების საზიანოდ.

მიღებულს ნოტას გააცნობენ პარლამენტის დეპუტატებს, პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებს, უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.



Print