ახალი ამბები
სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გალის შეხვედრების აღდგენის საკითხი განიხილეს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან, - ვიორელ მოშანუ და ბიორნ კიუნე, ასევე გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ სოხუმში ჩავიდნენ. შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, ჟენევის დისკუსიების მორიგი 56-ე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა და აღნიშნული ფორმატის ფარგლებში შემდგომი მუშაობის საკითხები განიხილეს.

კონსულტაციები მსვლელობისას, "საგარეო უწყების" ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლიმ ტუჟბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს "მიმდებარე რეგიონებში არსებულ ვითარებას, ასევე საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს" და საქართველოს მაღალი რანგის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც "რესპუბლიკის უსაფრთხოების საკითხებს და კონფლიქტის არ განახლებას ეხება".

"კერძოდ, ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის შესაძლებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. ჩვენ ყველას მშვენივრად გვესმის, რა იგულისხმება "მეორე ფრონტის" ქვეშ და ეს ჩვენში ყველაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა ტუჟბამ.

მინისტრის მოადგილემ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა რეაგირება მოახდინონ მსგავს საფრთხეებს, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია რეგიონში.

შეხვედრის ფარგლებში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რაც შეიძლება მალე განახლების საკითხზეც ისაუბრეს, როგორც ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე.

გაეროს წარმომადგენელმა ჯიჰან სულთანოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში და შავი ზღვის აუზში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, არ არის მარტივი მსგავსი შეხვდრების გამართვა, თუმცა, მათ მაინც მოახერხეს არაერთი მოსამზადებელი შეხვედრის გამართვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებთან.

თანათავმჯდომარეებმა საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი 56-ე ტურის ჩატარება 2022 წლის 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

Print