ახალი ამბები
რაულ ჩილაჩავას ზუგდიდში ვარსკვლავს გაუხსნიან
ზუგდიდის მერიამ პოეტის, დიპლომატის, მეცნიერის, მთარგმნელისა და ჟურნალისტის რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავის დამზადების მომსახურება შეისყიდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ვარსკვლავი მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გაიხსნება. 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რაულ ჩილაჩავა ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში 1948 წელს დაიბადა. 1970 წლიდან ცხოვრობს კიევში. წლების განმავლობაში მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სხელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად. უკრაინის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. არის უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. პარალელურად კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, ასევე, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას. წლების განმავლობაში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. 

არის რამდენიმე ათეული ჯილდოსა და პრემიის მფლობელი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე პოეტს კიევის დატოვებამ მოუწია და ის ამჟამად ზუგდიდში იმყოფება.
Print