ახალი ამბები
რას აღიქვამს ინალ არძინბა საფრთხედ სოხუმისთვის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თვლის, რომ "რეგიონში ვითარება ფეთქებადია და  საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია". ამის შესახებ მან "საგარეო უწყებაში" გამართული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მან შეხვედრაზე ახსენა საქართველოს ხელისუფლების მხრივ გაკეთებული განცხადებები, ასევე "დამრტყმელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების მიწოდებაზე მზარდი კონტრაქტები, ნატოსთან მიმდინარე კონსულტაციები და დაზვერვის აქტიური მუშაობა", რაც მისი თქმით, სოხუმში საფრთხედ აღიქმება. არძინბას თქმით, ამ საკითხების განხილვა იგეგმება 19 სექტემბერს დაგეგმილ "აფხაზეთის უშიშროების საბჭოს" სხდომაზე.

"იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, იმის გათვალისწინებით, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვესაჭიროება თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, მტკიცედ დგომა და ჩვენი ინტერესების დაცვა", - განაცხადა არძინბამ.

სააგენტო ТАСС-ის თანახმად, არძინბამ ასევე გაიხსენა, საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე, რის შემდეგაც "მან თქვა, რომ რეფერენდუმი არ იქნება და ა.შ."

ინფორმაციისთვის, 13 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეუძლია პლებისციტი მოაწყოს და ხალხს ჰკითხოს, სურთ თუ არა საქართველოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნა. თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ განცახდებაში იყო "სარკაზმი და მცირედი ირონიაც" და გამოკითხვებიც უჩვენებს, რომ ჩვენს მოსახლეობას არ სურს ომი.

"აფხაზეთის უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამაც აღნიშნა, რომ ეს "შიშები რეალურია და ამან არ შეიძლება არ შეგვაწუხოს".
"ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - თქვა შამბამ.

მისი თქმით, ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს მხარს დაუჭერს "ყველა, ვინც ახლა უკრაინას უჭერს მხარს, იქვე იქნებიან აზერბაიჯანი და სომხეთიც... ჩვენი მოკავშირე რუსეთია და ეს ჩვენთვის სერიოზული მხარდაჭერაა", - დასძინა მან.

შამბა მომხრეა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი წინამორბედი იყო დაურ კოვე, რომელიც ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

მანამდე, 2014-2018 წლებში არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.

მიმდინარე წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.




Print