ახალი ამბები
სოხუმში ახალგაზრდებმა ბიჭვინთის შეთანხმება ისევ გააპროტესტეს
სოხუმში ისევ გააპროტესტეს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთითვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. საინიციატივო ახალგაზრდულმა ჯგუფმა "ხარახ პიცუნდამ" ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მდუმარე მსვლელობა მოაწყო და
ამ გზით სცადა აფხაზი დეპუტატების ყურადღების მიპყრობა.

ორგანიზატორების განმარტებით, ეს  "მშვიდობიანი მსვლელობაა დემონსტრაციის ელემენტებით". აქციაში მონაწილე 60 - მდე ახალგაზრდას ხელში ეჭირა პლაკატები, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას მისი ამჟამინდელი ფორმით. ისინი მიიჩნევენ, რომ მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო, რათა ის "არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში აფხაზეთის კონსტიტუციასთან და მის კანონებთან".

ახალგაზრდები თვლიან, რომ "ბიჭვინთა - მიუსერის უნიკალური ნაკრძალის ტერიტორია, მასზე არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკით, აფხაზეთის ხალხის საკუთრებაში უნდა დარჩეს".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.

13 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყებას" ბიჭვინთის შეთანხმებასთან დაკავშირებით ნოტა გამოუგზავნა. ინფორმაცია ე.წ. სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტში წერია, რომ "რუსული მხარე აპირებს ხელშეკრულების მე-4 მუხლში აღნიშნული ობიექტებით, მიწის ნაკვეთებით და ზღვის აკვატორიით სარგებლობას მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ობიექტის ექსპლუატაცია არ შეიძლება განხორციელდეს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების საზიანოდ.

ფოტო: ეხო კავკაზა
Print