რეგიონი
გალში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს სოხუმის სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
"ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს სოხუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის შუამდგომლობით, გადაწყვეტილება 16 სექტემბერს გამოიტანეს.

სოხუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, თაკალანძე მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით. თაკალანძეს ბრალად ედება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში "თავისი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაცია", კერძოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს "ჯაშუშობა" ედება ბრალად.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს - ში განაცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.




Print