ახალი ამბები
სად შეიძლება აიცრათ ზუგდიდში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით
​ზუგდიდის მასშტაბით არსებულ სამედიცნო დაწესებულებებსა და ამცრელ პუნქტებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 სექტემბრიდან მიეწოდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, პირველ ეტაპზე შემოსულია 2 000 დოზა 4 კომპონენტიანი პრეპარატი, უახლოეს მომავალში კი დამატებით ამდენივეს ელოდებიან. 

აცრის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე:

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ვაქცინაციის პუნქტი - რუსთველის №89;

ევექსის რეფერალური ჰოსპიტალი და პოლიკლინიკა;

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა; 

იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა;

ინფექციური საავადმყოფო;

ცე-ჰეპატიტის ცენტრი;

ზუგდიდის მასშტაბით არსებული 28 სოფლის ამბულატორია.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესიც. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ "სანოფი პასტერის" წარმოების 200 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. უწყების ცნობით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სხვადასხვა რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს უფასოდ ჩაუტარდება, მათ შორის არიან დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ორსულები, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები, ექიმები, ექიმი-რეზიდენტები, ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები), საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები, ბებიაქალები, სტომატოლოგები, სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან, ფრინველებთან მომუშავე პერსონალი, მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები, მონადირეები, ვეტერინარები, ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, პატიმრობის დაწესებულება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება.
Print