ახალი ამბები
სოხუმში ენგურის ხიდთან გამართულ აქციას "მორიგი პროვოკაცია" უწოდეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურის ხიდთნ აქტივისტების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა და ამ ქმედებას "მორიგი პროვოკაცია" უწოდა, რომელიც "მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო ზონაში".

"მიუხედავად საქართველოს მაღალჩინოსნების განცხადებებებისა საქართველოს მისწრაფებაზე არსებული წინააღმდეგობები გადაიჭრას მშვიდობიან კალაპოტში, პრაქტიკაში საქართველო დგამს სხვადასხვა ნაბიჯს, რომლებსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში", - ვკითხულობთ დე ფაქტო რესპუბლიკის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საზოგადოებრივ აქტივისტებს აშშ-ის საელჩო და USAID-ი უყენებენ ამოცანას მოხდეს დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის აქტუალიზაცია, ხოლო მათ მიერ ხელშეწყობილი პროვოკაციები აფხაზთა საზოგადოებაში იწვევს "უკიდურესად ნეგატიურ რეაქციას".

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია 24 სექტემბერს გაიმართა, რა დროსაც სამოქალაქო მოძრაობის, მათ შორის, "ამრას" წევრებმა, რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათ საქართველოსა, უკრაინის და ევროკავშირის დროშები ეჭირათ ხელში, ასევე, გაფინეს ბანერი "აფხაზეთი - საქართველოა". აქციის მონაწილეებს შორის საქართველოში მცხოვრები რუსები და აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავაც იყვნენ.




Print