ახალი ამბები
გომელაური ბადრი ესებუაზე: შესაძლოა, დატოვა ქვეყანა, ისევ ვეძებთ
„ბადრი ესებუას ისევ ვეძებთ, სახუმაროსავით გახდა ეს თემა, მაგრამ სახუმარო ნამდვილად არ არის“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისა და ტერორიზმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას შესახებ. გომელაური განმარტავს, რომ მისი დაკავება ყველას სურს, თუმცა, დასძენს, რომ ყველაზე სწორი სპეცოპერაციის უსისხლოდ ჩატარება იყო.

„არიან ადამიანები, რომელთაც 18, 20 წელი ეძებენ. 2021 წელს დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც წლების წინ პოლიციელი ჩაცხრილა. ვანო მერაბიშვლსაც და მთელ გუნდსაც სურდა მისი დაკავება, მაგრამ მიიმალა. ნუ უყურებთ ასე, რომ ეს არის კატასტროფა, მთავარია, რომ სისხლი არ დაიღვარა და ღმერთმა ქნას, რომ სულ ასე უსისხლოდ დასრულდეს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ. შესაძლოა, დატოვა კიდევაც ქვეყანა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

მალე "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმიდან 2 წელი შესრულდება. 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა

Print