ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ხალხს სოხუმის „გათავისუფლების“ დღეს ულოცავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამოქალაქეებს მიულოცა „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო ჯარებისგან სოხუმის გათავისუფლების 29-ე წლისთავი“.

აფხაზური მედიის თანახმად, ბჟანიამ და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქართულ - აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულღა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამავე ცნობით, დღეს სოხუმში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის გათავისუფლების დღედ ითვლება, დანარჩენ საქართველოში სოხუმის დაცემის დღეა.

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

Print