ახალი ამბები
მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ აფხაზეთიდან დონბასში წამსვლელ მოხალისეთა რიცხვი იზრდება - არძინბა

"აფხაზეთში მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც ტოვებენ რესპუბლიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, დნრ - ის და ლნრ- ის სამოკავშირეო ძალების შემადგენლობაში, მუდმივად იზრდება", - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.


 

"მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ჩემი აზრით, ეს აღსანიშნავია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი", - განაცხადა მან.

არძინბამ ასევე განაცხადა, რომ "აფხაზეთის ხელისუფლება" პატივს სცემს რეფერენდუმებზე სეპარატისტული დონბასის რეგიონებში ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობის ნების გამოხატვას და განიხილავს მათ ჩატარებას, როგორც "კიევის რეჟიმთან შეუთანხმებლობას".

ინალ არძინბა მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" 26 სექტემბერს გაემგზავრა.

"საგარეო უწყების" ინფორმაციით, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, "აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის" აქტუალური საკითხების განსახილველად.





 

Print